საპილოტე პროექტის „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა

საპილოტე პროექტის „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა

სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო საპილოტე პროექტი „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები“, რომლის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სამართლის სფეროში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომების (სტატია, დისერტაცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო) პრეზენტაცია – სამეცნიერო დისკუსიის გზით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლის 28 სექტემბერს პირველი დისკუსია გაიმართა ზუმის ფორმატით თემაზე თანამონაწილეობის სუბიექტური შემადგენლობის პრობლემური ასპექტები ქართულ და  ამერიკულ სისხლის სამართალში“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრებმა, ასევე სხვა მეცნიერებმა, პრაქტიკოსმა ადვოკატებმა და სტუდენტებმა.  მონაწილეებმა მოისმინეს  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრის, ბატონი კახა წიქარიშვილის მოხსენება, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში არსებულ ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ევენტუალური განზრახვით თანამონაწილეობის შესაძლებლობა, გაუფრთხილებლობის პრობლემა თანამონაწილეობისას, ე.წ. ნეიტრალური ქმედებით დახმარების და ამსრულებლის ექცესის საკითხები.  შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თანამონაწილეობის პრობლემასთან დაკავშირებული ხედვები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ აღნიშნა რომ აღნიშნული ფორმატით დისკუსია პირველად ტარდება და მსგავსი სამეცნიერო დისკუსიები სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

აღნიშნული დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:https://www.youtube.com/watch?v=AAbmSk5Fe8U&t=198s

სამართლის მეცნიერთა კავშირი სთავაზობს სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს სადისკუსიოდ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რომელთა აქტუალობის,  პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობის შეფასების შემდეგ სამართლის მეცნიერთა კავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო დისკუსიის მოწყობის თაობაზე. ვიმედოვნებთ რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესდებიან სამართლის სხვადასხვა დარგის როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები.

მიგვაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას.