ჩვენ შესახებ

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში ძირეულად მოხდა არსებული საბჭოური სამართლებრივი ბაზის შეცვლა, რაც სამართლის დარგის მეცნიერთა დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგიცაა. ცალსახაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის მიღება სამეცნიერო კვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა სპონტანურად. დღემდე სამართლის დარგის მეცნიერთა მიერ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და რეკომენდაცია დაიწერა ქართული სამართლის სრულყოფის მიზნით, თუმცა აღნიშნული დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არასტაბილური სამართლებრივი გარემო. სწორედ ამის გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობაში გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა. შექმნილი რთული რეალობიდან ერთ-ერთი გამოსავალი კი გახლავთ სამართლის მეცნიერების განვითარება, რისი აუცილებელი პირობაცაა იურიდიული განათლების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა. ყოველივე ზემოაღნიშულმა გვიბიძგა დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უმთავრესი მისიაც სწორედაც, რომ სამართლის მეც­ნიე­რე­ბის და იურიდიული განათლების განვითარების და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობაა. ამასთან რასაკვირველია თითოეული მეცნიერის და მკვლევარის ინტელექტუალური შრომა დასახულ მიზნებამდე მისვლის საშუალებაა, თუმცა უდაოა, რომ აღნიშნულ მიზანთა მიღწევის მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური გზა მეცნიერთა და მკვლევართა ინტელექტუალურ პოტენციალთა გაერთიანება და კოორდინაციაა. სამართლის მეცნიერთა კავშირი გახლავთ საქართველოში პირველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალ იურისტებს – სამართლის მეცნიერებს და მკვლევარებს, რაც ორგანიზაციის აპოლიტიკურ ხასიათთან ერთად იქნება კავშირის საქმიანობის ობიექტურობის და მიუკერძოებლობის გარანტია. აღნიშნული გარანტია კი თავისმხრივ განაპირობებს საზოგადოებაში ამ ორგანიზაციის საქმიანობისა და შესაბამისად მის მიერ გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციებისადმი ნდობას, რაც ნებისმიერი ორგანიზაციის მიზნის მიღწევის საწინდარია. კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაცია დაფუძნდა 2014 წლის 4 აპრილს.

სამართლის მეცნიერთა კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე არის აპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია და იგი შექმნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით.