გამოიცა პროფესორ გიორგი თუმანიშვილის წიგნი ახლა უკვე ქართულ ენაზე
გამოიცა სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრის, პროფესორ გიორგი გ. თუმანიშვილის ახალი წიგნი, სახელწოდებით: რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (STDM) როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაცია და სხვაგან გადატანა, ანუ – უკვდავება.
წიგნი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ კვლევას ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერებების, კვანტური მექანიკისა და ფილოსოფიის მეცნიერებებში.
წიგნი ეხება ადამიანის ,,მეს’’ კომპლექსურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ შესწავლას ინტერდისციპლინურ (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კვანტური მექანიკა, ნეირომეცნიერებები) ჭრილში. ნაშრომში განხილულია ადამიანის ფსიქიკის აგებულების კლასიკური და თანამედროვე მოდელები და მიდგომები ადამიანის ,,მეს’’ შესახებ. ,,რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია’’ (STDM – Simple Theory of Difficult Meanings) წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ნეიროფიზიოლოგიის, ნეიროქიმიის, კვანტური ფიზიკისა და ნეიროკვანტოლოგიის ინტერდისციპლინარულ, ახალ კონსტრუქტს, რომელიც ცდილობს ახლებურად ახსნას ადამიანის ,,მეს’’ ბუნება და თეორიული განზოგადების პირობებში (მომავალში) შესაძლებელს გახდის ადამიანის ,,მეს’’ შემადგენელი მაფორმირებელი ელემენტების დიგიტალიზაციას. ნაშრომში შემოთავაზებულია ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაციის შესაძლებლობის თეორიული საფუძვლები და მისი შემადგენელი შესაბამისი ინფორმაციული ნაკადების ტრანსლირების სხვა მექანიკურ (მატერიალურ) მატარებელზე ტრანსფერისათვის აუცილებელი კომპონენტები.
განხილულია თვითაღქმის უწყვეტობის საკითხები ძილის, კომის, ცნობიერების ,,შეცვლილი’’ სხვა მდგომარეობების დროს და შემდგომ. ნაშრომი აფართოებს დღევანდელი დღისათვის საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ინტერდისციპლინურ ცოდნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც მომავალი კვლევისათვის, ისე ამ კვლევაში მოცემული თეორიული კონცეფციების პრაქტიკული რეალიზებისათვის.
ავტორმა წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სრულებით უფასოდ.