წევრთა სამუშაო შეხვედრა

დღეს, 2019 წლის 15 დეკემბერს გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირი“- ს წევრთა მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მოიწონეს გამგეობის ინიციატივები შემდეგ საკითხებზე: საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ ჟურნალის დაარსება, კავშირის ახალი ვებგვერდის შექმნა და სტრუქტურული ერთეულის სახით კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შექმნა.

შეხვედრა გაიმართა ევროპის უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

ვიზიტი პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“- ს წარმომადგენლის ვიზიტი პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

2019 წლის 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პრაღაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სამართლის მეცნიერთა კავშირის წარმომადგენელი, სამართლის დოქტორი ბატონი გოჩა ოჩიგავა.

ბატონი გოჩა ოჩიგავა გახლავთ ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოში.

შეხვედრები გაიმართა პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტისა და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე.

მოლაპარაკებები შედგა სამართლის მეცნიერთა კავშირსა (საქართველო) და საზოგადოება “ჩეხი იურისტები” – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის დაწყების შესახებ.

ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ქართველი სტუდენტები. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდები გაცნობოდნენ ევროპის (განსაკუთრებით, ჩეხეთის რესპუბლიკის) საგანმანათლებლო სისტემას, შეფასებისა და თვითშეფასების წესს, სწავლების უახლეს მეთოდებს.

კავშირის წევრის გიორგი თუმანიშვილის ახალი წიგნი

გამოიცა სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრის, პროფესორ გიორგი თუმანიშვილის საავტორო წიგნი: “რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (STDM), როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაცია და სხვაგან გადატანა, ანუ – უკვდავება“.

ნაშრომი შედგება ორი თავისგან, რომელთაგანაც პირველი ეთმობა ადამიანის ,,მეს’’, ,,მე-იდენტობის’’, ,,მე-ცნობიერების’’ შინაარსობრივ საკითხებს და ,,მეს’’ რაობის კონცეფციებს ფსიქოლოგიაში, ხოლო მეორე თავი ეთმობა ადამიანის მეხსიერების კვლევას. ამ თავში ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ე.წ. რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (Simple Theory of Difficult Meanings) რომელიც წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ნეიროფიზიოლოგიის, ნეიროქიმიის, კვანტური ფიზიკისა და ნეიროკვანტოლოგიის ინტერდისციპლინარულ, ახალ კონსტრუქტს. STDM ცდილობს ახლებურად ახსნას ადამიანის ,,მეს’’ ბუნება და თეორიული განზოგადების პირობებში (მომავალში) შესაძლებელს ხდის ადამიანის ,,მეს’’ შემადგენელი მაფორმირებელი ელემენტების დიგიტალიზაციას.

ამ ეტაპისათვის წიგნი ხელმისაწვდომია Amazon.com-ის ვებგვერდზე.

წიგნი გამოსცა კავკასიის უნივერსიტეტმა.

კავშირის წევრის პროფესორ ზვიად გაბისონიას საერთაშორისო წარმატება

სამართლის მეცნიერთა კავშირის თანადამფუძნებელი წევრი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს

სამართლის მეცნიერთა კავშირი ბატონ ზვიად გაბისონიას ულოცავს ამ დიდ წარმატებას !

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფ. ზვიად გაბისონია, ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ არჩეული იქნა ევროკავშირის სამი ორგანიზაციის – ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტის (ERAC- The European Research  Area Committee), კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმის(ESFRI – European Straregy Forum on Research Infrastructures) და ევროკავშირის EOSC (European Open  Science  Cloud)-ის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად.

ERAC(The European Research Area Committee)- ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტი წარმოადგენს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

ESFRI (European Straregy Forum on Research Infrastructures) – კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმი წარმოადგენს ევროკავშირისსტრატეგიულ ორგანოს, რომლის მიზანია  ევროკავშირის და ასოცირებული ქვეყნების,  სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება-მხარდაჭერა.

EOSC (European Open  Science  Cloud)- ევროკომისიის პროგრამაა, რომლის ამოცანაა ძვირადღირებული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ჩანაცვლება ხელმისაწვდომი და უფასო სამეცნიერო ბაზებით წევრი ქვეყნებისთვის.

წევრთა სამუშაო შეხვედრა

დღეს, 2019 წლის 4 ოქტომბერს 18 საათზე ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრთა სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც იმსჯელეს კავშირის ორგანიზებით დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ტექნიკურ საკითხებზე. შეხვედრაზე დაიგეგმა ასევე სხვა მნიშვნელოვანი ღინისძიებების ორგანიზება.

კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა სამართლის დოქტორი, ქალბატონი ლია ადეიშვილი.

კავშირის წევრთა საერთო კრება

2019 წლის 6 აპრილს ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის საერთო კრება. კრებაზე ერთხმად მიღებულ იქნა წესდებაში ცვლილებები და არჩეულ იქნა კავშირის გამგეობა შემდეგ შემადგენლობით: ზურაბ ჭყონია, გია ლილუაშვილი, არჩილ ლორია, ინგა ბერიძე და შალვა ქურდაძე. კავშირის თავმჯდომარედ კვლავ არჩეულ იქნა ზურაბ ჭყონია.

სამართლის მეცნიერთა კავშირის საერთო კრება

2018 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა “სამართლის მეცნიერთა კავშირი”- ს წევრთა საერთო კრება. კრებამ ერთხმად დაამტკიცა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. კრება გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის სააქტო დარბაზში.

სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები

2015 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში სამართლის მეცნიერთა კავშირის და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის დარგის აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები და მოსამართლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან

2015 წლის 30 იანვარს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა კანდელაკიშვილმა და კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ერთობლივ ორგანიზებას. მხარეებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში სასამართლო დაეხმარება სამართლის მეცნიერთა კავშირს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვას და ორგანიზებაში, ასევე სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.