მისია და მიზნები

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ  საქართველოში არაერთი რეფორმა  განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში ძირეულად მოხდა არსებული საბჭოური სამართლებრივი  ბაზის შეცვლა, რაც სამართლის დარგის მეცნიერთა დიდი ძალისხევის და შრომის შედეგიცაა. ცალსახაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის მიღება სამეცნიერო კვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა სპონტანურად. დღემდე   სამართლის დარგის მეცნიერთა მიერ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და რეკომენდაცია დაიწერა ქართული სამართლის სრულყოფის მიზნით,  თუმცა აღნიშნული დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ხშირი საკანომდებლო ცვლილებები და არასტაბილური სამართლებრივი გარემო.  სწორედ ამის გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობაში  გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა. შექმნილი რთული რეალობიდან ერთ-ერთი გამოსავალი  კი გახლავთ სამართლის მეცნიერების განვითარება, რისი აუცილებელი პირობაცაა იურიდიული განათლების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა. ყოველივე ზემოაღნიშულმა გვიბიძგა დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უმთავრესი მისიაც სწორედაც, რომ სამართლის მეც­ნიე­რე­ბის  და იურიდიული განათლების განვითარების  და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობაა. ამასთან რასაკვირველია თითოეული მეცნიერის და მკვლევარის ინტელექტუალური შრომა დასახულ მიზნებამდე მისვლის  საშუალებაა, თუმცა უდაოა, რომ აღნიშნულ მიზანთა მიღწევის მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური გზა მეცნიერთა და მკვლევართა ინტელექტუალურ პოტენციალთა გაერთიანება და კოორდინაციაა. სამართლის მეცნიერთა კავშირი გახლავთ საქართველოში პირველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს  მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალ იურისტებს - სამართლის მეცნიერებს და მკვლევარებს, რაც ორგანიზაციის აპოლიტიკურ ხასიათთან ერთად იქნება კავშირის საქმიანობის ობიექტურობის და მიუკერძოებლობის  გარანტია. აღნიშნული გარანტია კი თავისმხრივ განაპირობებს საზოგადოებაში ამ ორგანიზაციის საქმიანობისა  და შესაბამისად  მის მიერ გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციებისადმი ნდობას, რაც ნებისმიერი ორგანიზაციის მიზნის მიღწევის  საწინდარია.  კავშირი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაცია დაფუძნდა 2014 წლის 4 აპრილს.   

 

სამართლის მეცნიერთა კავშირი თავისი მიზნიბიდან გამომდინარე არის აპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია და იგი შექმნილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით.

 

კავშირის მიზნებია:

 

საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების, სამართლის მეც­ნიე­რე­ბის და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის  მეცნიერთა და მკველავართა, ასევე სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა.

 

სამართლის მეცნიერთა კავშირი ეწევა შემდეგ საქმიანობას:

 

ახდენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელისშეწყობას და კოორდინაციას;

ეწევა სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო საქმიანობას;

ხელს უწყობს განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას;

ამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს;

მონაწილეობს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში;

ახდენს კანონპროექტების და საკანონმდებლო ბაზის სამართლებრივ შეფასებას, ექსპერტიზას და მათზე ამზადებს დასკვნებს;

ატარებს  სამეცნიერო კონფერენციებს და აწყობს დისკუსიებს;

გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალებს და სხვა  ლიტერატურას;

ატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს და ტრენინგებს;

ზრუნავს იურიდიული ლიტერატურით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის, შექმნასა და განვითარებაზე;

ზრუნავს სამართლის დარგში დაცული დისერტაციების და რეფერატების ბანკის შექმნაზე;

ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს;

ქმნის კომისიებს და სამეცნიერო საბჭოებს;

აწესებს და ანიჭებს ტიტულებს, გასცემს ჯილდოებს, პრემიებს სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე ამ დარგის ხელისშეწყობისათვის განსაკუთრებული  სამეცნიერო მიღწევების წარმოსაჩენად;

ამყარებს ურთიერთობებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე მეცნიერებთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიულ  ორგანიზაციებთან;

თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

პარტნიორები